საკადრო პოლიტიკა

ჩვენ არ ვთვლით, რომ კადრები კომპანიის ძირითადი აქტივია! ჩვენთვის კადრები გაცილებით უფრო მეტია. "სინერჯის" ყოველი წევრი ენერგიის, მოძრაობის და წინსვლის მუდმივი წყაროა კომპანიისთვის. სწორედ ასეთი ადამიანების პოვნას, ჩვენს რიგებში გაერთიანებას, განვითარებას და საზოგადოების სამსახურში ჩაყენებას გვავალდებულებს ჩვენი მისია.

საკადრო ბაზის უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი კომპანიისთვის გვაიძულებს განსაკუთრებულად დაკვირვებულები ვიყოთ ახალი კადრების შერჩევისას. უმკაცრესი შერჩევა, რომელიც დაფუძნებულია ინტელექტის კოეფიციენტზე, პრობლემების გადაჭრის უნარზე და კომპანიის ფასეულობებთან თავსებადობაზე მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიდან ხორციელდება. ვცდილობთ მივიღოთ კომპანიაში სამუშაო გამოცდილების არ მქონე ადამიანები და ჩვენთან დამკვიდრებულ მუშაობის პრინციპებზე და ფასეულობებზე აღვზარდოთ ისინი.
შესარჩევი ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ კადრის აყვანა ხდება ერთწლიანი ვადით, ანუ ის ხდება სინერჯი სკოლის წევრი, რომლის გავლის შემდეგ გადაწყდება საქმიანობას ჩვენთან გააგრძელებს, თუ ჩვენი კლიენტების ორგანიზაციაში.

ჩვენს კომპანიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწავლას. თითოეული ჩვენთაგანი ყოველდღიურად 2 საათს მაინც ხარჯავს უახლესი ბიზნეს ლიტერატურის დამუშავებაზე, რომელსაც შემდგომში პრეზენტაციების სახით დანარჩენ კომპანიის წევრებს გადასცემს. გარდა ამისა, ჩვენი კომპანიის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ ქვეყანაში ჩატარებულ სემინარებსა და სასწავლო კურსებში.

"სინერჯიში" მხოლოდ გრძელვადიან შედეგებზე და საკონსულტაციო ბიზნესში წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული ადამიანები მუშაობენ. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული მათგანი კომპანიის პარტნიორი გახდეს. რისთვისაც უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები:

  • ანალიტიკოსი
  • კონსულტანტი
  • უფროსი კონსულტანტი
  • უმცროსი პარტნიორი
  • პარტნიორი

საფეხურიდან საფეხურზე გადაადგილება ხდება მოქმედი პარტნიორების გადაწყვეტილებით იმის მიხედვით, თუ რამდენად იზიარებს ადამიანი კომპანიის ფასეულობებს და დამკვიდრებულ პრინციპებს, როგორ ითვალისწინებს მათ ცხოვრებაში და როგორ მაგალითს აძლევს საკუთარი ქცევით სხვებს. აგრეთვე ყურადღება ექცევა პროექტებში მონაწილეობას, ანუ კლიენტების განვითარებაში შეტანილ წვლილს, საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებას და ცოდნის გაზიარებას სხვებისთვის.ის ადამიანები, რომლებიც განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებენ იერარქიის მომატებას ტოვებენ კომპანიას.

ის მიდგომები, რომელსაც კადრებთან მიმართებაში ვიყენებთ საშუალებას გვაძლევს გვყავდეს მოტივირებული და მუდმივად განვითარებადი საკადრო ბაზა. თითოეული თანამშრომელი თავის მომავალს კომპანიას უკავშირებს, კომპანიას თავის საკუთრებად აღიქვამს, ზრუნავს მის რეპუტაციაზე და წარმატებაზე, რაც ჩვენი განვითარების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.